მესინჯერ „ვოთსაფზე“ ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ჰაკერებმა ტელეფონებზე „ვოთსაფის“ აპლიკაციაში ფარული სათვალთვალო პროგრამის ჩატვირთვა შეძლეს.
„ვოთსაფში“ განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე „კონკრეტული ტელეფონის ნომრების მფლობელები იყვნენ“.
„ფაინანშალ თაიმსის“ ცნობით, კიბერშეტევა ისრაელელმა ჰაკერებმა მოაწყვეს.
როგორც გამოცემა წერს, ჰაკერებმა ხმოვანი ზარის ფუნქცია გამოიყენეს, რომლის საშუალებითაც სათვალთვალო პროგრამა ტელეფონებში ჩაიტვირთა. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ტელეფონში იმ შემთხვევაშიც კი ხვდებოდა, თუ მომხმარებელი ზარს არ პასუხობდა.
„ფაინანშალ თაიმსის“ ცნობით, ჰაკერებს ხელი მიუწვდებოდათ ტელეფონის მიკროფონზე, კამერაზე და ასევე შეეძლოთ მიეღოთ ინფორმაცია ტელეფონის მფლობელის ადგილმდებარეობის შესახებ.
„ვოთსაფში“ განაცხადეს, რომ ჯერ უცნობია, რამდენი მომხმარებელი გახდა ვირუსული სათვალთვალო პროგრამის მსხვერპლი. კომპანიაში ამბობენ, რომ ჰაკერული თავდასხმისგან დაზარალებული მომხმარებლებისთვის მესინჯერის აპლიკაციის განახლებული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, რაც ნიშნავს, რომ მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ.