„ბიბისი“ - კანადის ტყის ხანძრებმა ჰაერის დაბინძურება გამოიწვია ჩიკაგოსა და მილუოკიში
კანადის ტყის ხანძრებმა ჰაერის დაბინძურება გამოიწვია ჩიკაგოსა და მილუოკიში, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ტყის ხანძრის ძლიერმა კვამლმა გამოიწვია ჰაერის ხარისხის დაბინძურება აშშ-ის შუა დასავლეთის ქალაქებში, მათ შორის ჩიკაგოში, ასევე კანადის სხვადასხვა რეგიონში. კვამლი აგრძელებს ტალღების სახით გავრცელებას სამხრეთით და აღმოსავლეთით ჩრდილოეთ ამერიკაში.
კანადის უწყებათაშორის ტყის ხანძრის ცენტრში განაცხადეს, რომ ეს წელი ყველაზე უარესია ტყის ხანძრის სეზონებს შორის. ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ადამიანთა ჯგუფებმა, მათ შორის ბავშვებმა, მოხუცებმა და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანებმა უნდა შეზღუდონ გარე საქმიანობა.
ჩიკაგოს სკოლებმა სამშაბათს საზაფხულო პროგრამები დახურულ სივრცეში გამართეს, ხოლო ნიუ იორკში ქალაქის მერმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ოთხშაბათიდან ჰაერის უფრო მეტად დაბინძურების მოლოდინი აქვთ.
სპეციალისტების განცხადებით, აშშ-ის შუა დასავლეთში მოხვედრილი კვამლი, სავარაუდოდ, გააგრძელებს გადაადგილებას სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში და მოიცავს ონტარიოს პროვინციის უმეტეს ნაწილს აღმოსავლეთ სანაპირომდე.
ევროკავშირის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ხანძრებმა ატმოსფეროში რეკორდული, 160 მილიონი ტონა ნახშირბადი გაუშვეს. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ კვამლმა ევროპის ტერიტორიებამდეც მიაღწია.