ბერიშვილის მორიგი ორმაგი დუბლი ყატარის ჩემპიონატზე
ბერიშვილის მორიგი ორმაგი დუბლი ყატარის ჩემპიონატზე

ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატზე მორიგი შეხვედრა გამართა „ალ შამალმა“, რომლის ღირსებას უკვე ერთადერთი ქართველი კალათბურთელი, მიხეილ ბერიშვილი იცავს. გიორგი ცინცაძემ კი გუნდი დატოვა და ამჟამად საქართველოში იმყოფება. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს.

მიხეილ ბერიშვილმა მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. „ალ შამალმა“ ლიდერ „ალ არაბის“ უმასპინძლა და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში 72-75 დამარცხდა. ბერიშვილმა მოედანზე გატარებულ არასრულ 34 წუთში 11 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა მსროლელმა 6-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

„ალ შამალი“ 11 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.