ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი ფალავანი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან ოთხი ხვალ კონტინენტის პირველობის ფინალში იჭიდავებს.
ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) პირველსავე პერიოდში აშკარა უპირატესობით ანგარიშით 11:2 სძლია რუს ვიქტორ ბედერნიკოვს და 23-წლამდე ევროპირველობის ფინალში ხვალ რუმინელ ფლორინ ტიტას დაეჭიდება.
ლევან ქავჟარაძემ (63 კგ) უნგრელ ეირკ ტორბას ანგარიშით 7:2 მოუგო და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში სომეხ სლავიკ გალსტიანს შეხვდება.
გურამ ხეცურიანი (87 კგ) ევრო პირველობის ფინალში გავიდა, ქუთაისელმა ფალავანმა ლიტველ ნემსევიჩუს ანგარიშით 4:0 მოუგო, ხვალ კი ფინალში რუსეთის წარმომადგენელ გაზი ხალილოვს დაეჭიდება.
ზვიად პატარიძემ (130 კგ) იოლად, ანგარიშით 9:0 დაამარცხა ესტონელი ვიტიტინი და 23-წლამდელთა ევროპირველობის ფინალში რუმინელ ისტვან ბერეის შეხვდება. რუმინელმა, თავის მხრივ, ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ალეკო აგახანოვს ანგარიშით 4:3 მოუგო.
ხვალვე ბექა მამუკაშვილი (77 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.