ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ოთხი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს ხალიჩაზე ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებენ.

წურწუმიამ მეოთხედფინალში უკრაინელი ვიაჩესლავ ბაირახტარი 34 წამში დაამარცხა, აბულაძემ თურქ მეჰმეტ ცეკერს 9:0 სძლია. მძიმეწონოსანმა ქაჯაიამ უკრაინელ მახაილო ვიშნივეცკის სუფთა გამარჯვებით მოუგო, გობაძემ კი ალექს კესიდისს 6:0 აჯობა.

კონტინენტის პირველობაზე დღეს გამომსვლელი მეხუთე ქართველი იური ლომაძე (77 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა. უნგრელი მოჭიდავის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ლომაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან განაგრძობს.

ზაგრებში ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალები 18:45 საათზე დაიწყება.