ბექა წიქარიშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება
ბექა წიქარიშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება

„თეთრი ხმაურის“ წევრის ბექა წიქარიშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

ადვოკატ გიორგი მახარაძის განცხადებით, „თეთრი ხმაურის“ წევრს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან. ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ ბექა წიქარიშვილს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

„ბექა წიქარიშვილის პროცესი გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქ უფრო მარტივად არის საქმე, ვნახოთ, როგორ განვითარდება ამ შემთხვევაში სასამართლოში პროცესები“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ დააკავეს. სამართალდამცველების ცნობით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა.

თორნიკე ბზიავა 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბექა წიქარიშვილი დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და მის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს გამოაცხადებს.