სასამართლოში დაკავებული თორნიკე ბზიავა 500 ლარით დააჯარიმეს, ბექა წიქარიშვილის პროცესი ხვალ იგეგმება
სასამართლოში დაკავებული თორნიკე ბზიავა 500 ლარით დააჯარიმეს, ბექა წიქარიშვილის პროცესი ხვალ იგეგმება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მომხდარი ინციდენტისას დაკავებული თორნიკე ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. მეორე დაკავებულის ბექა წიქარიშვილის თაობაზე კი, სასმართლოს დღეს არ უმსჯელია. ის დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატი წიქარიშვილს მოგვიანებით მოინახულებს.

„აღნიშვნის ღირსია თბილისის საქალაქო სასმართლოს სამარცხვინო საქციელი, იმიტომ, რომ ველოდებოდით შუადღიდან და მოსამართლის თანაშემწემ, რომელმაც განიხილა თორნიკე ბზიავას საქმე, მითხრა რომ აუცილებლად დამიკავშირდებოდა. თუმცა, რაღაც მოტყუებით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე და ის დააჯარიმა 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ბექა წიქარიშვილის საკითხს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში. პროცესი დღეს არ ჩატარდება, შესაბამისად, ველოდებით, რომ ხვალ ჩაინიშნება პროცესი. მანამდე, აუცილებლად მოვინახულებ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დააკავეს. სამართალდამცველების ცნობით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა.