ბექა ვაჩიბერაძე - ჩემი კლუბის ამბიციას დაეტყობა, „მანჩესტერ სიტის“ მფლობელმა რომ იყიდა
ბექა ვაჩიბერაძემ მის კლუბში, ბელგიის მეორე დივიზიონის „ლომელში“ მისულ ახალ მეპატრონეზე ილაპარაკა.
„ლომელი“ კომპანია „სიტი ფუთბოლ ქლაბმა“ იყიდა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ მფლობელს, შეიხ მანსურ იბნ ზაიდ ალ-ნაჰიანს ეკუთვნის. ჰოლდინგმა უნდა დაფაროს კლუბის დავალიანებები, რომლებიც დაახლოებით ორი მილიონი ფუნტია. „სიტი ფუთბოლ ქლაბი“ ასევე აპირებს შექმნას აკადემია, სადაც ნიჭიერი ახალგაზრდები აღიზრდებიან.
„მოხარული ვიყავი, ეს ამბავი რომ შვეიტყვე. კლუბი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და მთავარ ლიგაში დაწინაურების შანსი გაგვიჩნდა. გუნდს მაქსიმალური მიზანი რომ აქვს, ეს ძალიან კარგია. როგორც კი გამოჩნდა ინფორმაცია „სიტი ფუთბოლ ქლაბის“ დაინტერესების შესახებ, მაშინვე დავურეკე ალექსანდრე ზინჩენკოს, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობს, მაგრამ მას არ ჰქონდა ინფორმაცია. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დავუკავშირდით და მან თქვა, რომ „ლომელის“ შეძენის ხელშეკრულება გაფორმდა. მინდა, რომ მასთან ერთად ვთამაშობდე, ახალი ჯგუფის მოსვლა კი გუნდის ამბიციაზე კარგად იმოქმედებს“, – ამბობს ვაჩიბერაძე.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის პირველი და მეორე დივიზიონის ჩემპიონატები ვადაზე ადრე დასრულდა. ბექა ვაჩიბერაძის „ლომელმა“ მეექვსე ადგილი დაიკავა. ნახევარმცველმა ყველა ტურნირში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.