ბექა ოდიშარია - რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან მიუღებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გახშირდა, რაც პროვოკაციაა
ბექა ოდიშარია - რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან მიუღებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გახშირდა, რაც პროვოკაციაა

ბოლო პერიოდში, ვფიქრობ ხელოვნურად, ორკესტრირებულად გახშირდა რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან კონკრეტული ადამიანების მიმართ, ქართული საზოგადოებისთვის და მენტალობისთვის მიუღებელი, შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც თავისი არსით პროვოკაციაა,  – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია აღნიშნულ განცხადებებში პოლიტიკოსთა ოჯახის წევრების ლანძღვა.

„კიდევ უფრო შემაშფოთებელი და ამაზრზენი ამ განცხადებებში პოლიტიკოსების შვილების, ოჯახის წევრის ირიბი თუ პირდაპირი ლანძღვა და მათ მიმართ ცილისმწამებლური თუ სხვა იაფფასიანი ტყუილების ტირაჟირება.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მოზარდებს შორის აგრესიული დაპირისპირებების კასკადმა და გამომდინარე ტრაგიკულმა შედეგებმა და ამ მოვლენით საზოგადოების შეშფოთებამ სამართლიანად გადააჭარბა სხვა ნებისმიერ სოციალურ პრობლემას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატს აინტერესებს, არიან თუ არა მზად მსგავსი სახის განცხადების ავტორები, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა სავალალო შედეგებზე, რაც შეიძლება ამ ქმედებებს მოჰყვეს.

„მე მინდა კითხვა დავუსვა ამ პასკვილური განცხადებების ავტორებს, არიან კი ისინი მზად, აიღონ პასუხისმგებლობა იმ შესაძლო სავალალო შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს თუნდაც თანატოლების მიერ ზემოხსენებული ახალგაზრდა ადამიანების, პოლიტიკოსების შვილების, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ აგრესიულ ქმედებებს?

პატივცემულო ოპონენტებო, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ყველაფრის კადრება არ შეიძლება. გვახსოვდეს, არსებობს ამ ქვეყნად გაცილებით მეტი ღირებულებები, მიზნები და ამოცანები, ვიდრე სურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი გუშინ მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე  ბრალი  „ქართული ოცნების“ დეპუტატს წარედგინა.

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.