ბექა ნაცვლიშვილი - მეტროს მემანქანეები ყველაზე მძიმე პირობებში მუშაობენ, ამ ადამიანების მოთხოვნა ირაციონალური არ არის და ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკებები
მეტროს მემანქანეები ყველაზე მძიმე პირობებში მუშაობენ, ამ ადამიანების მოთხოვნა ირაციონალური არ არის და ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომელიც მეტროს მემანქანეებს შეხვდა.
როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებების გზით ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
“ვიცი, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და ამან შედეგი არ გამოიღო. ცოტა ხისტი დამოკიდებულება ვიგრძენი სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან და ამას გავარკვევთ. მაინტერესებს მემანქანეების პოზიცია, სატრანსპორტო კომპანიის პოზიცია ჩემთვის ცნობილია. მოლაპარაკებების გზით ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება. თუ ეს ადამიანები იმსახურებენ, მათ ხელფასები უნდა მოემატოთ, ბიუჯეტში ამის თანხები უნდა მოიძებნოს. მემანქანეები ყველაზე მძიმე პირობებში მუშაობენ, ამ ადამიანების მოთხოვნა ირაციონალური არ არის და ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ.