ბენზემამ ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელებთან კავშირი გაწყვიტა #1TVSPORT
ქარიმ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებში თანაგუნდელებთან კავშირის გაწყვეტა გადაწყვიტა. მადრიდის „რეალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა 35 წლის იუბილეზე 19 დეკემბერს სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდს ტოვებდა.
მაგრამ ბენზემა ამაზე არ შეჩერდა და „ინსტაგრამზე“ საფრანგეთის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი წაშალა, გარდა ხუთი მოთამაშისა – ამ სიას გადაურჩნენ მისი თანაგუნდელები ედუარდო კამავინგა და აურელიენ ჩუამენი, ასევე კილიან მბაპე, რაფაელ ვარანი და მარკუს ტურამი.
ეს არის ის ხუთი ფრანგი, რომლებმაც დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს, ბენზემა კვლავ მათი გამომწერია, ასევე საფრანგეთის ნაკრების ოფიციალური პროფილის.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემამ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატამდე, 20 ნოემბერს, ავსტრალიასთან „ლურჯების“ პირველ მატჩამდე ორი დღით ადრე ტრავმის გამო დატოვა – ფრანგული გაზეთის, L’Equipe-ის ცნობით, მის დაბრუნებას დეშამი არც გეგმავდა.
ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებში 97 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 2021 წლის ერთა ლიგის ტიტული მოიგო.