ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ვანგრევთ ტერორისტულ რეჟიმს ირანში, ვამარცხებთ მის მოკავშირეებს ლიბანში
ჩვენ ვანგრევთ ტერორისტულ რეჟიმს ირანში, ვამარცხებთ მის მოკავშირეებს ლიბანში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის დაწყების შემდეგ პირველად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„„ჰეზბოლა“ გრძნობს ჩვენს ძალას და კიდევ უფრო მეტად იგრძნობს. ის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის თავისი აგრესიისთვის. ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ძალების უპრეცედენტო გაერთიანებით ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ მიღწევებს – მიღწევებს, რომლებიც ცვლის ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთაც კი. ჩვენ ერთად წავედით ბრძოლაში, შეერთებული შტატები და ისრაელი, რათა ხელი შეგვეშალა ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავებაში. ხელი შეგვეშალა ირანისთვის ბალისტიკური რაკეტების შემუშავებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ისრაელს, შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოს. ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის თქმით, მათ გაანადგურეს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
„ჩვენ გავანადგურეთ ხამენეი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ხამენეის ვაჟი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „მარიონეტია“, „საჯაროდ ვერ აჩვენებს თავის სახეს“.
ამასთან, ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ „მომენტი“, როდესაც მათ თავისუფლების მოპოვების შანსი ექნებათ, „ახლოვდება“.
„ჩვენ ვმუშაობთ კიდევ ერთი მიზნის წინსვლისთვის: ისეთი პირობების შესაქმნელად, რომელიც ირანელ ხალხს საშუალებას მისცემს, გაანადგუროს სასტიკი ტირანული რეჟიმი, რომელიც მათ თითქმის 50 წლის განმავლობაში ავიწროებდა. ჩვენ გამანადგურებელ დარტყმებს ვაყენებთ რევოლუციის გვარდიას, მათ ბაზებს, მათ ძალებს, მათ საკონტროლო პუნქტებს და კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. მე ვეუბნები ირანელ ხალხს: ახლოვდება მომენტი, როდესაც თქვენ შეძლებთ თავისუფლების ახალ გზაზე დადგომას. ეს მომენტი ახლოვდება. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. ჩვენ გეხმარებით. მაგრამ საბოლოოდ, ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს თქვენს ხელშია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ ირანელი ხალხი აჯანყდება მას შემდეგ, რაც ისრაელი „შექმნის პირობებს“ თეირანში რეჟიმის დასამხობად.
„შეგიძლია, ვინმე წყაროსთან მიიყვანო, მაგრამ ვერ აიძულებ წყლის დალევას. ჩვენ შევქმნით ოპტიმალურ პირობებს ამისთვის, რათა შევეცადოთ, მივცეთ მათ ქუჩაში გასასვლელად საჭირო სივრცე. მაშინაც კი, თუ ირანში რეჟიმი არ დაეცემა, ის გაცილებით სუსტი იქნება. ეს უბრალოდ სხვა ირანია. ეს არ არის იგივე ძალა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ შევქმენით ალიანსი, რომელიც აქამდე არასდროს გვქონია შეერთებულ შტატებთან, ალიანსი ჩვენს დიდ მეგობართან, ჩემს პირად მეგობართან, პრეზიდენტ ტრამპთან. ჩვენ თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ. ჩვენ თავისუფლად ვსაუბრობთ, ვცვლით იდეებსა და რჩევებს და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ჩვენი ურთიერთობა ასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ურთიერთობა, რაც კი ოდესმე არსებობდა ამერიკის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის. ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ ჩვენს ქვეყნებზე ან მხოლოდ ამ თაობაზე. ჩვენ ვფიქრობთ მომავალ თაობებზე, კაცობრიობის მომავალზე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.