ბატუტზე ხტომა | საქართველოს იუნიორთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან ოქროს მედლებით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს იუნიორთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან ოქროს მედლებით დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
1-6 ივნისს იტალიის ქალაქ რიმინიში ბატუტზე მხტომელთა შორის იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
3 ივნისს იუნიორთა შორის მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა სინქრონულ ხტომებში ოქროს მედლები მოიპოვეს, ანანო აფაქიძისა და თეონა ჯანჯღავას დუეტმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატამდე რიმინიში ასევე გაიმართა მსოფლიო თასის გათამაშება, სადაც ანანო აფაქიძემ და თეონა ჯანღავამ ქალთა შორის სინქრონულ ხტომებში ტურნირი მოიგეს. ამასთან, ანანო აფაქიძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ინდივიდუალურ ხტომებში.
„იტალიის ქალაქ რიმინში ჩატარდა ბატუტში მსოფლიო თასის ეტაპი და შემდგომ ევროპის ჩემპიონატი. ჩვენმა ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა, კერძოდ ბატუტისტებმა, ბრწყინვალედ იასპარეზეს და მოიპოვეს დაახლოებით 11 მედალი, ყველა ღირსების – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ზოგადად ყველას, ვისაც ზოგადად უყვარს ტანვარჯიში, ეს ლამაზი სახეობა – ბატუტზე ხტომა. ეს არის უნიკალური შემთხვევა, საქართველოს ტანვარჯიშის უახლეს ისტორიას არ ახსოვს ამდენი მედალი და ასეთი ღირსების მედლები. აქვე აღსანიშნავია, რომ ბატუტისტებს მხარი აუბეს ქართველმა აკრობატემბა – სპორტული აკრობატის სპორტსმენებმა და მათაც მოიპოვეს ამდენივე მედალი. ვულოცავ ყველას“, – განაცხადა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ლაშხმა.