ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს | მინსკი 2019 [ფოტო/ვიდეო]
ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს | მინსკი 2019 [ფოტო/ვიდეო]

„მინსკ არენაზე“ დღეს ბატუტზე ხტომაში მამაკაცებში ინდივიდუალური, ქალებში კი სინქრონული შეჯიბრი გაიმართა. თენგიზ კოშკაძემ ფინალში მოხვედრა ვერ მოახერხა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 96.490 ქულა დააგროვა და 24 სპორტსმენს შორის მე-18 ადგილი დაიკავა.

ქალთა შორის სინქრონში ლუბა გოლოვინამ და თეონა ჯანჯღავამ იასპარეზეს. ქართული წყვილი 37.040 ქულით, ბოლო, მერვე ადგილზე გავიდა. ოქროს მედალი 50.230 ქულით ბელარუსებმა – ჰანა ჰანჩაროვამ და მარია მახარინსკაიამ მოიპოვეს. მეორე შედეგი 48.240 ქულით უკრაინელებმა – სვიტლანა მალკოვამ და მარინა კიიკომ აჩვენეს. ბრინჯაოს მფლობელები 48.140 ქულით რუსები – ირინა კუნდიუსი და იანა პავლოვა გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრში ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.