ბათუმში, გმირთა სკვერში სახელმწიფო დროშები დაუშვეს [ვიდეო]

ბათუმში, გმირთა სკვერში სახელმწიფო დროშები ზუსტად ღამის 12:00 საათზე დაუშვეს. სახელმწიფო დროშებს აჭარის ყველა სამთავრობო უწყებაში დაუშვებენ.

ხვალ ტრაგედიის ადგილს მოინახულებენ და ყვავილებით შეამკობენ აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი გარდაცვლილთა ოჯახებსაც უშუალოდ მიუსამძიმრებენ.

გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯებს აჭარის მთავრობა გაიღებს. თითოეულ ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა.

ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.