ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა [ვიდეო/ფოტო]

დღეს დილიდან, ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. მამაკაცთა 55 და ქალთა 45 და 49 კილოგრამი წონითი კატეგორიების B ჯგუფის ასპარეზობის გამართვის შემდეგ გახსნის ცერემონია გაიმართა. წამყვანის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ტრადიციულად სცენაზე მასპინძელი გუნდი სრული შემადგენლობით ავიდა, რომელთა წარდგენის შემდეგაც მათ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმა და წარმატებები უსურვა. მან ასევე ტურნირის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორგანიზატორებს საერთაშორისო არენაზე ნდობის მოპოვებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტის შემდეგ სცენაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ავიდნენ, რომელთაც სპორტსმენებს ასევე წარმატებები უსურვეს.

ბათუმელებისთვის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მილოცვით დაიწყო თავისი სიტყვა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა. მანვე სიტყვით გამოსვლის შემდეგ სცენაზე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო რუსო მიიწვია, რომელსაც ევროპის ფედერაციის 50 წლის იუბელე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატი გახსნილად სწორედ ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ცერემონიის დასკვნით ნაწილში ჩემპიონატში მონაწილე 44 ქვეყნის წარდგენა მოხდა, საბოლოოდ კი გახსნა ანსამბლ „ბათუმის“ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერით“ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ დღის ბოლოს მედლების სამი კომპლექტი გათამაშდება. ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა შორის 45 და 49, მამაკაცთა შორის კი 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. 49 კილოგრამში ხათუნა ჯიმშელეიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც B ჯგუფში გამოსვლა 136 კილოგრამით დაასრულა. დანარჩენ წონებში კი საქართველოს დღეს წარმომადგენელი არ ჰყავს.

საქართველოს პირველი არხი 18:00 საათიდან 55 კილოგრამი წონითი კატეგორიის A ჯგუფს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.