ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სკამები თეთრი და ლურჯი იქნება. 14 იანვარს შპს „ბათუმის სტადიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მშენებარე სტადიონის სკამები ლურჯ, თეთრ და წითელ ფერებში გადაწყდებოდა, ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბის პროტესტი მოყვა. მათ სოციალურ ქსელში კამპანია #არაწითელს დაიწყეს.
ფანკლუბის წევრები ამბობდნენ, რომ სტადიონი ქალაქის და საფეხბურთო გუნდის ფერებში უნდა გადაწყვეტილიყო, როგორც ეს მსოფლიოშია მიღებული და წითელი ფერი სრულიად ზედმეტი იყო.
ფანკლუბის წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა და მოთხოვნის გათვალისწინების პირობა მოსცა.
„მეგობრებო, ბათუმის სტადიონის სკამების ფერთან დაკავშირებით იყო ტექნიკური გაუგებრობა. შედგა შეხვედრა აჭარის მთავრობასთან, რომლის თავმჯდომარის პოზიციაც ცალსახად ემთხვევა გულშემატკივრების აზრს – სკამები უნდა იყოს ჩვენი ქალაქისა და კლუბის ფერების (ლურჯისა და თეთრის) კომბინაცია. მადლობა მთავრობის თავმჯდომარეს ასეთი ჯანსაღი პოზიციისთვის“, – ნათქვამია ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.