ალექსანდრე იაშვილმა ბათუმში დაგეგმილ მატჩებზე ილაპარაკა - საქართველოს ნაკრები მხოლოდ თბილისში არ უნდა თამაშობდეს #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილმა ბათუმში დაგეგმილ მატჩებზე ილაპარაკა - საქართველოს ნაკრები მხოლოდ თბილისში არ უნდა თამაშობდეს #1TVSPORT

ალესანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის დღვანდელ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას ბათუმში გამართავს.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებმა დედაქალაქის გარეთაც ითამაშოს.

„არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ნაკრები მხოლოდ თბილისში არ თამაშობდეს. ამხანაგური მატჩები გვქონდა ქუთაისსა და გორში. ძალიან მიხარია, რომ ბათუმში არაჩვეულებრივი სტადიონი ააშენეს და ისიც სასიხარულოა, რომ სამივე მატჩს წელს ამ სტადიონზე ჩავატარებთ“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

მისი თქმით, ბათუმის ახალ არენაზე ბალახის საფარის პრობლემა მოგვარდა:

„სტადიონზე საფარი უკვე არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია. 8 მაისიდან ბათუმის „დინამო“ საშინაო მატჩებს იქ ჩაატარებს. სასიხარულოა, რომ რეგიონშიც არის ასეთი არაჩვეულებრივი სტადიონი და გულშემატკივრის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ესპანეთთნაც დავინახეთ, როგორ შეუძლია გულშემატკივარს გუნდის დახმარება. იმედია, იმ დროისთვის კარგი ეპიდმდგომარეობა გვექნება და ტრიბუნაზე მაქსიმალურად მეტი გულშემატკივარი შევა“.

ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო არენა 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონზე მოედნის საფარი ახლა შეცვალეს.

 

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ბათუმის საფეხბურთო არენაზე:

2 სექტემბერი

საქართველო – კოსოვო

9 ოქტომბერი

საქართველო – საბერძნეთი

11 ნოემბერი

საქართველო – შვედეთი

დატოვე კომენტარი