საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ბათუმში ნანახმა „ლივერპულის“ სტადიონის ატმოსფერო გამახსენა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ბათუმში ნანახმა „ლივერპულის“ სტადიონის ატმოსფერო გამახსენა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდამ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩზე ბათუმის სტადიონზე არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა და აღტაცება არ დამალა. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ევროტურნირებნზე ქართული გუნდების გამოსვლა შეაჯამა.

„ბათუმის თამაშზე ვიყავი და გამაოცა – ჯერ ამ ულამაზესმა სტადიონმა, შემდეგ ხალხის ერთსულოვნებამ. ამან თბილისის „დინამოს“ ამბები გამახსენა – სტადიონი სულ გადატენილია. ორი დღე ვიყავი და ფეხბურთით ცოცხლობდნენ.

– რომ ვუყურებდი, მაშინვე გამახსენდა „ლივერპულის“ სტადიონი. „მანჩესტერ სიტის“, „რეალის“ – ასეთივე ანთებული ხალხი, ასეთივე გულშემატკივრობა. ძალიან კარგი სიტუაცია იყო.

– ძალიან მომეწონა კაშია, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ჩანს, რომ უკან არის ნაღდი მცველი. კაშია რომ ყოფილიყო ბათუმის გუნდში, დარწმუნებული ვარ, ბოლოს არც ის დასანანი გოლი გავიდოდა და საერთოდ, „დინამო“ გოლს არ გაუშვებდა. ეტყობა, რომ გურამს დიდი სკოლა აქვს გავლილი ნიდერლანდებში.

– რაც შეეხება თბილისის „დინამოს“ – ფეხბურთის კანონია, თუ გინდა, რომ ჩემპიონატი მოიგო, საუკეთესო მოთამაშეები უნდა გყავდეს. ამას ახლა ბათუმის „დინამო“ აკეთებს და არა – თბილისის. თუ გინდა ვეროპაში კარგად ითამაშო, იმათთან ახლოს მყოფი მოთამაშეები ჩამოიყვანო – იგივე დავითაშვილი, აზაროვი.

– არ შემიძლია „საბურთალოს“ არ შევეხო. ეს ერთადერთი გუნდია, ვინც შემდეგ ეტაპზე გავიდა. მინდა, გუნდს, მის პრეზიდენტს მივულოცო და შემდეგ ეტაპზე წარმატება ვუსურვო. „სტიაუას“ ხვდებიან, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ „დინამო თბილისივით“ ძველებურად ძლიერი აღარ არის“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.