ბათუმის „დინამო“ გალიდერდა - თბილისური დერბი გადაიდო
ბათუმის „დინამო“ გალიდერდა - თბილისური დერბი გადაიდო

ევროთასებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება მე-12 ტურის მატჩით განახლდა, რომელიც თელავის „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა – „თელავმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მთავარი ამბები კი მეორე ნახევარში მოხდა, 49-ე წუთზე ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა, მიხეილ ბაშელეიშვილმა გახსნა. თუმცა, თელაველთა სიხარული სულ 9 წუთი გაგრძელდა- ამის შემდეგ ბათუმელებმა მწვავედ და შედეგიანად შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს.

58-ე წუთზე „დინამოს“ თავდამსხმელმა, გიორგი ნიქაბაძემ წონასწორობა აღადგინა, 81-ე წუთზე ბათუმელები ნიგერიელმა ლეგიონერმა, გოდფრი ობოაბონამ დაააწინაურა, ხოლო ჯაბა ჯიღაურმა 85-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3 ბათუმის„დინამოს“ სასარგებლოდ.

12 ტურის შემდეგ ბათუმელებმა 23 ქულა დააგროვეს, თბილისის „დინამოს“ (22 ქულა) გადაასწრეს და ლიდერობა მოიპოვეს.

მე-12 ტურის დანარჩენი მატჩები 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საქმე ისაა, რომ „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ მატჩი 4 ოქტომბრის ნაცვლად, 23 ოქტომბერს გადაიდო.

შაბათი, 3 ოქტომბერი

სამტრედია – დილა

15:00. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია

მერანი თბ – ლოკომოტივი

19:00, მიხეილ მესხი2 – თბილისი

კვირა, 4 ოქტომბერი

ჩიხურა – ტორპედო

15:00. მიხეილ მესხი – თბილისი

პარასკევი, 23 ოქტომბერი

დინამო თბ – საბურთალო

20:00. დინამო არენა – თბილისი