ბასილაშვილი ვენაში ტურნირს კარენო ბუსტასთან მატჩით დაიწყებს #1TVSPORT
ბასილაშვილი ვენაში ტურნირს კარენო ბუსტასთან მატჩით დაიწყებს #1TVSPORT

ორშაბათს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იწყება ATP500-ის კატეგორიის ტურნირი. მასში მონაწილეობას მიიღებს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 27-ე ნომერია.

გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე. ეს არის მსოფლიოს მე-18 ნომერი, ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა, რომელიც წელს ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მათ შორის მოგებული მეორე წრეში, სავარაუდოდ, მესამე ნომრად განთესილ იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდება, რომელიც საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს უნდა შეხვდეს.

ბასილაშვილი და კარენო ბუსტა პროფესიულ ტურში ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – 2018 წელს, ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში ქართველმა ორ სეტში მოიგო – 7:6(3), 6:4.

ვენაში ბასილაშვილი არასოდეს გამოსულა წარმატებით, მაგრამ ამ ტურნირს უკავშირდება მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება. ქართველს ძირითად ბადეში 2016 წელს ჰქონდა დებიუტი და პირველ წრეში ცნობილ ჩეხს ტომაშ ბერდიხს მოუგო, მაგრამ მეორე რაუნდში დამარცხდა რუს კარენ ხაჩანოვთან. ამის შემდეგ მას საწყისი ბარიერი არასოდეს გადაულახავს: 2018 წელს პირველ წრეში წააგო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან, მომდევნო წელს კი იმავე რაუნდში დამარცხდა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან. 2015, 2017 და 2020 წლებში ბასილაშვილმა კვალიფიკაცია ვერ გადალახა.