საქართველოს მოყვარულთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „ბასიანმა“ უეფა-ს რეგიონთა თასზე პირველი შეხვედრა გამართა და 1:4 დამარცხდა.
რეგიონთა თასის შუალედური ეტაპის თამაშებს ბოსნიის ქალაქი ზენიცა მასპინძლობს. პირველი ჯგუფის სასტარტო მატჩში „ბასიანის“ მეტოქე შოტლანდიის ჩემპიონი, „ცენტრალ სკოტლანდი“ იყო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ბრიტანელების უპირატესობა შესვენების შემდეგ გამოიკვეთა – 48-ე წუთზე ანგარიში რობი მაკენზიმ გახსნა, ხოლო ორ წუთში რიჩი ლოუსონმა „ცენტრალ სკოტლანდი“ ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.
„ბასიანმა“ თამაშის გამოსწორება და სხვაობის შემცირება სცადა, მაგრამ კიდევ ორი გოლი საკუთარ კარში გაუშვა. 70-ე წუთზე ჯეკ ბუკენანმა გაიტანა, ხოლო კიარან მაკელროიმ 78-ეზე შოტლანდიელების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
„ბასიანმა“ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა. 88-ე წუთზე აკაკი შენგელიამ „ცენტრალ სკოტლანდს“ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1. ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა „ზენიცამ“ ისრაელის ბიკატ ჰაიარდენის „ჰაპოელი“ 1:0 დაამარცხა და შოტლანდიელებთან ერთად ჯგუფში გალიდერდა.
საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული რეგიონთა თასის მეორე ტურის მატჩს 25 აგვისტოს გამართავს. „ბასიანი“ ბიკატ ჰაიარდენის „ჰაპოელს“ შეხვდება.