„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ინფორმაციით, ოფისში ჩხრეკას ვადაგასული განჩინების საფუძველზე ატარებენ 
„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ინფორმაციით, ოფისში ჩხრეკას ვადაგასული განჩინების საფუძველზე ატარებენ 

კლუბ „ბასიანის“ ოფისში ჩხრეკას ვადაგასული განჩინების საფუძველზე ატარებენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია ესაუბრა.

ტატო გეთიამ წარმოადგინა განჩინების დოკუმენტი, სადაც თარიღად მითითებულია 2018 წლის 24 მაისი.

“განჩინება გამოცემულია 24 მაისს, ანუ კიდევ ერთი ლაფსუსია, გარდა იმისა, რომ საიდენტიფიკაციო კოდი არასწორია. ეს არის ვადაგასული განჩინება. მას აქვს 24 საათიანი ვადა, თუ არ ვცდები. ეს არის ჩვენთვის პრინციპული საკითხი, რომ ასე აბსურდულად არ ხდებოდეს რაღაცები, თორემ ამ ოფისში სკამების და მაგიდების გარდა არაფერია. საიდენტიფიკაციო კოდი არის არასწორი და ამას არ აღიარებენ”, – განაცხადა ტატო გეთიამ.

კლუბ „ბასიანის“ ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს-ს წარმომადგენლები კლუბში ჩხრეკას ატარებენ. სამინისტროში კი განმარტეს, რომ ოფისში არანაირი ჩხრეკა არ არის და გარკვეული დოკუმენტების ამოღება ორივე მხარის შეთანხმებით მიმდინარეობს. ამასთან, კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სამინისტრო ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.