საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულმა „ბასიანმა“ უეფა-ს რეგიონთა თასზე მეორე შეხვედრა ყაზახურ „კასკელენთან“ გამართა და სამწუხაროდ, გათამაშებას გამოეთიშა.
ანგარიში მე-7 წუთზე სამიტ ჩულაგოვმა გახსნა, ხოლო 30-ეზე ყაზახების უპირატესობა იერდოს კაზიბეკოვმა გაზარდა. 57-ე წუთზე გიორგი მაკასარიშვილმა ანგარიში საჯარიმოს მშვენიერი შესრულებით შეამცირა – 1:2.
მატჩის ბოლოს თამაში დაიძაბა და არბიტრმა ორივე გუნდიდან მოთამაშეები გააძევა – იერდოს კაზიბეკოვი და ოთარ ხუციშვილი, ანგარიში კი აღარ შეცვლილა და „ბასიანი“ 1:2 დამარცხდა. ორივე გუნდმა ესტონური „ტალინა ზაპოსი“ დაამარცხა და ამიტომ მათი დაპირისპირება ფინალის ტოლფასი იყო და შემდეგ ეტაპზე ყაზახები გავიდნენ.
ფინალში ყაზახური „კასკელენი“ ბელარუსულ „კოლოსს“ შეხვდება, რომელიც მეორე ჯგუფში აზერბაიჯანულ „ჯაბრალს“ ორჯერ შეხვედა და ორივეჯერ დაამარცხა – 2:1 და 6:2. რეგიონთა თასის შესარჩევი ჯგუფის ფინალი 29 მაისს „შამახის“ სტადიონზე გაიმართება.