აზიის განვითარების ბანკმა შორაპანი-არგვეთას ავტობანის მშენებლობისთვის 278 მილიონი დოლარი გამოყო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 278 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ევროში) ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, შორაპანსა და არგვეთას შორის დაახლოებით 30 კმ სიგრძის მთავარი და მეორადი მნიშვნელობის საგზაო მონაკვეთების ასაშენებლად და რეაბილიტაციისთვის, რაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მეორე დერეფნის ნაწილია, საქართველოს ეკონომიკის სასიცოცხლო არტერიაა. ის ქვეყნის საერთაშორისო საგზაო ქსელის 30 პროცენტს წარმოადგენს, ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის 60 პროცენტის გამტარია და დღეში დაახლოებით 13 000 მანქანას ემსახურება. საგზაო ქსელი მთავარი რგოლია საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად დასამკვიდრებლად ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის ვაჭრობისა და კომერციისთვის და ასევე საქართველოს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად ჩამოსაყალიბებლად.
„საიმედო საგზაო ქსელი აუცილებელია, რათა საქართველომ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს თავისი უნიკალური, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მდებარეობისგან. ეს პროექტი ხელს უწყობს მთავრობის პოლიტიკას, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით გზებსა და მაგისტრალებზე, რაც დააჩქარებს ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის ტრანსპორტის უფროსმა სპეციალისტმა ვალერი ლისაკმა.
საქართველოს მთავრობამ 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტად გზების გაუმჯობესება დაისახა და ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის 72 პროცენტი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართა. მთავარი რეგიონული გზების გაუმჯობესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საქმიანობას. ასევე პრიორიტეტულია საგზაო უსაფრთხოება. გასულ წელს საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე 12.3 შემთხვევა იყო, რაც განვითარებული ქვეყნების სტატისტიკას მნიშვნელოვნად აღემატება.
ADB-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი დაეხმარება შორაპანსა და არგვეთას შორის 14.7 კმ-იანი მეტწილად ახალი მდებარეობის მქონე, დაცული, ოთხზოლიანი სავალი ნაწილის მშენებლობას. ეს ავტოტრანსპორტს გაუადვილებს მთაგორიან მონაკვეთებში, ხევებსა და მდინარეებზე გადაადგილებას. პროექტის ფარგლებში ასევე გაუმჯობესდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალთან დაკავშირებული 15 კმ სიგრძის მეორადი გზები. გზებზე მოეწყობა მოსასვენებელი სადგურები და სრულად აღჭურვილი იქნება ხანდაზმულთა, ქალების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისთვის. მოეწყობა გზისპირა სავაჭრო დახლებიც, რომელთა 50 პროცენტი ქალების მიერ მართულ ბიზნესებზე გაქირავდება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად, პროექტი ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას გზისპირა სოფლების მცხოვრებლებისა და სკოლებისთვის. ზედმეტი სიმძიმის მქონე სატვირთო მანქანების მიერ გზის საფარის დაზიანების თავიდან ასაცილებლად გზაზე დაინერგება 38 მოძრავი და ერთი საგზაო-სამონტაჟო სასწორი. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წლის ბოლოს.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების საერთო მოცულობა 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.