აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

ქვეყნის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივით, არჩევნების თარიღმა ოქტომბრიდან აპრილში გადმოიწია.

გადაწყვეტილებას მრავალფეროვანი შეფასებები მოყვა, როგორც თავად აზერბაიჯანში, ასევე ქვეყნის გარეთ. მმართველი გუნდის ოპონენტები, გუნდის შიგნით შესაძლო დაპირისპირებაზე მიუთითებდნენ, რომელიც ლიდერისგან მყისიერ მოქმედებას მოითხოვდა.

თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ორ ძირითად მიზეზზე ამახვილებენ ყურადღებას. ერთი მხრივ, მოტივაცია იყო ორი არჩევნების – საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დამთხვევა. 2025 წელს, მანამდე არსებული განრიგით ორივე ეს არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, რისი თავიდან აცილებაც მოხდა აპრილში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვით.

მეორე მხრივ კი, გადაწყვეტილებაზე, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, გავლენა იქონია გარკვეულმა ინფორმაციამ, რომ გარედან არის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობა და საარჩევნო პროცესის გაჭიანურება ამ საფრთხეს მხოლოდ გაზრდიდა. საიდან მომდინარეობდა ეს საფრთხე, ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ.

პრეზიდენტობისთვის რბოლაში ერთმანეთს რვა კანდიდატი უპირისპირდება, თუმცა ყველა მონაცემით ილჰამ ალიევს ოპონენტი არ ყავს.

მას უწინასწარმეტყველებენ, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის არჩევნების დროს, 72%-იანი აქტივობის პირობებში, ილჰამ ალიევმა ხმების 84.5% მოიპოვა. განსხვავებული შედეგის მოლოდინი არც დღეს მიმდინარე არჩევნებზე აქვთ. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შეთხვევაში, ილჰამ ალიევი უკვე მეოთხედ, ამჯერად უკვე 7 წლის ვადით გახდება აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ჯერ კიდევ 2009 წელს კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებების შედეგად, საპრეზიდენტო ვადების შეზღუდვა გაუქმდა და მოქმედ პრეზიდენტს მიეცა შესაძლებლობა შეუზღუდავი რაოდენობით წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა. 2016 წელს კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა. ამდენად, დღეს პრეზიდენტს უკვე შვიდი წლით ირჩევენ. იმავე წელს კონსტიტუციაში გაჩნდა ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც პრეზიდენტის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა იკავებს. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, საკონსტიტუციო რეფორმა კვლავაც გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს არსებული მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრეზიდენტებით ჩანაცვლებას.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს სამი, როგორც აზერბაიჯანში უწოდებენ, რადიკალური ოპოზიციური პარტია და ასევე, სავარაუდოა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დასავლური კრიტიკის ფონზე ჩაივლის.