აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 17:00 საათისთვის 45 პროცენტი შეადგინა
აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 17:00 საათისთვის 45 პროცენტი შეადგინა

აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის 2 389 754 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45 პროცენტია. ინფორმაცია აზერბაიჯანის ცესკო-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

მათივე ცნობით, კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან ამ დრომდე საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით სხვადასხვა საკითხზე 50 მიმართვა იყო, თუმცა არც ერთი საჩივარი.

არჩევანი დღის პირველ ნახევარში გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. მან ბაქოს მეექვსე უბანზე მისცა ხმა.

აზერბაიჯანში ვადამდელ არჩევნებს აკვირდება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია. როგორც მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ტეილერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ეუთო-ს 100-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს.

აზერბაიჯანის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველი შედეგები დღეს, საღამოს 19:00 უნდა გახდეს ცნობილი.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის 5573 უბანი ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ხუთ მილიონ ამომრჩეველზე მეტს აქვს.

როგორც აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, არჩევნებში დარეგისტრირებულია რეკორდული რაოდენობის კანდიდატი. მათი რაოდენობა 1314-ია.

არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. საკუთარი კანდიდატურა 20-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. ასევე არიან დიდი რაოდენობით დამოუკიდებელი კანდიდატები.

წინასწარი პროგნოზებით, 125-მანდატიან მილი მეჯლისში უმრავლესობას მმართველ პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ მიიღებს.

ეგზიტპოლებს სამი კომპანია ჩაატარებს. არჩევნებს აკვირდება 77 000 ადგილობრივი და 880-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. მათ შორის არის ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია. მათი შეფასება ორშაბათს გახდება ცნობილი.

საარჩევნო უბნები თბილისის დროით 19:00-ზე დაიხურება. სწორედ ამ დროს გამოცხადდება ეგზიტპოლების შედეგები. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აშუქებს 130-ზე მეტი უცხოური მედიასაშუალება. მათ შორის არის საქართველოს პირველი არხი.