აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს [ფოტო]
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს [ფოტო]

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 5573 უბანი ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ხუთ მილიონ ამომრჩეველზე მეტს აქვს.

როგორც აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, არჩევნებში დარეგისტრირებულია რეკორდული რაოდენობის კანდიდატი. მათი რაოდენობა 1314-ია.

არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. საკუთარი კანდიდატურა 20-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. ასევე არიან დიდი რაოდენობით დამოუკიდებელი კანდიდატები.

წინასწარი პროგნოზებით, 125-მანდატიან მილი მეჯლისში უმრავლესობას მმართველ პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ მიიღებს.

ეგზიტპოლებს სამი კომპანია ჩაატარებს. არჩევნებს აკვირდება 77 000 ადგილობრივი და 880-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. მათ შორის არის ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია. მათი შეფასება ორშაბათს გახდება ცნობილი.

საარჩევნო უბნები თბილისის დროით 19:00-ზე დაიხურება. სწორედ ამ დროს გამოცხადდება ეგზიტპოლების შედეგები. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აშუქებს 130-ზე მეტი უცხოური მედიასაშუალება. მათ შორის არის საქართველოს პირველი არხი.