აზერბაიჯანის პარლამენტის ვიცე-სპიკერი - ეუთო-ს თანათავმჯდომარეები უბრალოდ სტუმრობენ აზერბაიჯანსა და სომხეთს, რაც უშედეგოა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ძალისხმევა უშედეგოა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ზიიაფიატ ასკეროვმა ევროკავშირ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ზიიაფიატ ასკეროვის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უნდა მოგვარდეს.
„ეუთო-ს მინსკის ჯგუფი ძალად მოგვახვიეს თავს. აღნიშნული ჯგუფი კონფლიქტის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. თანათავმჯდომარეები უბრალოდ სტუმრობენ აზერბაიჯანსა და სომხეთს, თუმცა ეს უშედეგოა.
კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთაშორისო სამართლის ნორმები რომ გამოყენებულიყო, მსგავსი პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდებოდით. ევროპა დემოკრატიაზე საუბრობს, თუმცა ეს საქმეზე არ აისახება“, – აღნიშნა ასკეროვმა.