ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი კომაშია
ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი კომაშია

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი კომაშია, – ამის შესახებ „ევექსის“ კლინიკაში რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ რთველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია, რაც თავის ტვინის დაზიანებამ გამოიწვია.

„პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ეს გამოწვეულია იმით, რომ იმ მომენტში, როცა მოხდა გულის გაჩერება, სამედიცინო ჩარევამდე გაურკვეველი, მაგრამ დიდი დროა გასული და არის თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, ანუ ჟანგბადის ნაკლებობით დაზიანება. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ამ წუთას პაციენტი კომაშია და დაკვირვების ქვეშაა. აქვს მენჯის ძვლის მოტეხილობა და ფილტვის დაჟეჟილობა, ასპირაცია. თუმცა, ეს არაა აქტუალური. ამ კუთხით კონტროლდება პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, გულის მუშაობა აღდგენილია, მაგრამ თავის ტვინის დაზიანება რამდენად შექცევადია ან შეუქცევადია, ამას დრო გვიჩვენებს. ოპერაცია არ სჭირდება. ქირურგიული ჩარევა მისი მძიმე მდგომარეობის გამო არ გადადებულა“, – განაცხადა ექიმმა.

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.