შემთხვევის ადგილი, სადაც სამი მოზარდი დაშავდა [ფოტო]
შემთხვევის ადგილი, სადაც სამი მოზარდი დაშავდა [ფოტო]

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, მიტოვებულ ავტოფარეხში, სადაც სამშენებლო მასალა ჩამოინგრა, ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, მათგან ერთს დაზიანებები არ მიუღია, – ამის შესახებ პირველ არხს მეზობელმა განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვები შემთხვევის ადგილზე თამაშობდნენ, რა დროსაც ძველი ავტოფარეხი ჩამოინგრა.

„ადგილზე სულ ოთხი ბავშვი იმყოფებოდა. სამი მათგანი ჩამოვარდნილი სინკარის ქვეშ მოყვა. შემთხვევის შედეგად ერთი მოზარდი უვნებელი გადარჩა, მოახერხა გამოსვლა და დახმარება მეზობლებს სთხოვა. ადგილობრივებმა სინკარი ვერ ასწიეს. მოზარდები შემთხვევის ადგილიდან მაშველებმა გამოიყვანეს“, – განაცხადა ნელი აბრამიშვილმა.

ამასთან, როგორც ერთ-ერთი დაშავებულის მამამ „ევექსის“ რეგიონულ კლინიკაში განაცხადა, ავტოფარეხში ბავშვები ხშირად თამაშობდნენ.

„ნანგრევებში იყო ბავშვი, რომ დამირეკეს. საცხოვრებელ ადგილთან ახლოს არის და იქ ხშირად შედიან ხოლმე, სარდაფივითაა. ბავშვები მარტო იყვნენ. ვფიქრობ, ავტოფარეხი ან თავისით ჩამოიშალა ან ხელი კრეს“, – განაცხადა მოზარდის მამამ.

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.