ავსტრალიის ღია 2020 - ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში იოლად გავიდა
ავსტრალიის ღია 2020 - ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში იოლად გავიდა

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ითამაშებს. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა სამ სეტში შეძლო არგენტინელი დიეგო შვარცმანის დამარცხება – 6:3, 6:4, 6:4. შეხვედრა ორი საათი და შვიდი წუთი გრძელდებოდა.

შვარცმანმა მაქსიმალურად სცადა პრობლემების შექმნა მეტოქისთვის, სამჯერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე და ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება, გარდა ამისა, 31 შეცდომა დააშვებინა სერბს, თუმცა, გადამწყვეტ მომენტებში ჯოკოვიჩი უშეცდომოდ თამაშობდა და დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში.

თავად ჯოკოვიჩმა მატჩში რვა ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა და პირველი მოწოდებით ქულების 75 პროცენტი მოიგო.

სერბი ურთიერთშეხვედრებში შვარცმანს 4:0-ს უგებს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში მეთერთმეტედ ითამაშებს.