ავსტრალიაში ხანძრების შედეგად დაზარალებულებისთვის დამატებით 40 მილიონი დოლარი გამოიყოფა
ავსტრალიაში ხანძრების შედეგად დაზარალებულებისთვის დამატებით 40 მილიონი დოლარი გამოიყოფა

ავსტრალიის ხელისუფლება ხანძრების შედეგად დაზარალებულებისთვის დამატებით 40 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა საკვებ პროდუქტებზე, კომუნალური სერვისების ხარჯების დასაფარად, ტანსაცმლისა და საწვავის საყიდლად დაიხარჯება. ავსტრალიის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„იმედი გვაქვს, რომ ამ თანხით ათობით ათას ადამიანს დავეხმარებით, რათა მათ მომდევნო დღეები და კვირები გადაიტანონ“, – ნათქვამია ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მთავრობის ინიციატივით, გათვალისწინებულია ხანძრების შედეგად დაზარალებული მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება.

მასშტაბური ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. შედეგად, რვა მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის მასივი დაიწვა. განადგურებულია 2 000-ზე მეტი სახლი. ხანძრების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.