ავსტრალიამ ქერჩის ხიდის მშენებლობასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით რუსეთის ერთ მოქალაქესა და ოთხ კომპანიას სანქციები დაუწესა
ავსტრალიამ ქერჩის ხიდის მშენებლობასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით რუსეთის ერთ მოქალაქესა და ოთხ კომპანიას სანქციები დაუწესა. მანამდე, ანალოგიური შეზღუდვების შემოღების შესახებ კანადის მთავრობამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა განაცხადეს.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქერჩის ხიდი, რომელიც რუსეთს უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ქალაქ სევასტოპოლთან აკავშირებს, არის რუსეთის მცდელობა, გაამყაროს კონტროლი უკანონოდ ანექსირებულ ტერიტორიაზე.
უწყების ცნობით, „შავ სიაში“ მოხვედრილი ფიზიკური და იურიდიული პირები თავისი ქმედებების შედეგად ხელს უწყობენ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის ლეგიტიმაციისკენ მიმართულ რუსეთის მცდელობას და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების ქმედებებს უჭერენ მხარს.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავსტრალია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.