აუდიტის სამსახური - თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაგებული გზები უკვე დაზიანებულია
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაგებული გზები უკვე დაზიანებულია. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.
კერძოდ, მუნიციპალიტეტმა შპს „მიმდემისგან“ შეისყიდა სოფელ ზედა საზანო – 26 მაისის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები (471.0 ათასი ლარი), შპს „გი-ან 2011“-სგან კი თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (687.5 ათასი ლარი).
აუდიტის ჯგუფმა გზები მიმდინარე წელს დაათვალიერა და რამდენიმე მონაკვეთზე ბზარები აღმოაჩინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზიანებული და უხარისხოდ მოწყობილია კიდევ ოთხი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
„აუდიტის ჯგუფის მიერ დათვალიერების მომენტისათვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლისგან ზეპირი კომუნიკაციით მოითხოვა ნაკლოვანებების აღმოფხვრა. წარმოდგენილი ინფორმაციით, 2019 წლის აპრილის ბოლოსთვის გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის და ჭოგნარი-ოდილაურის დამაკავშირებელ გზაზე, შემსრულებლებმა განახორციელეს არსებული ბზარების გუდრონითა და გვერდულების ქვიშახრეშოვანი ნარევით შევსება. აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას, რამდენად უზრუნველყოფს მიმწოდებლის მიერ ხარვეზების გამოსასწორებლად განხორციელებული ქმედება არსებული დაზიანებების სრულფასოვნად აღმოფხვრას“, – წერია დოკუმენტში.