აუდიტის სამსახური - 2014-2017 წლებში ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის კომპანიამ 156 738 ლარი გადაიხადა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ 2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისთვის გაწეულმა ხარჯმა 227 199 ლარი შეადგინა. მათ შორის, მხოლოდ კომპანიის რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის ელექტროსისტემამ გადაიხადა 156 738 ლარი.
როგორც ელექტროსისტემის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, 2014 წლის აგვისტოში, ხუთ დღეში რეაბილიტაციის მმართველმა ულიმიტო როუმინგის მომსახურებაში დახარჯა 29 254 ლარი. აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ეს არაგონივრული ხარჯის მაგალითია.
„ვინაიდან მივლინების მიზნებისთვის არ არსებობს მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან ელექტროსისტემის თანამშრომლების გამათანაბრებელი ნორმატიული რეგულაცია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას ტრანსპორტის დაქირავებისთვის, ასევე როუმინგული მომსახურებისთვის არაგონივრული ხარჯების გაწევა მიზანშეუწონელია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.