აუდიტის სამსახური 24 პოლიტიკური პარტიის დეკლარაციების სტატისტიკას აქვეყნებს
აუდიტის სამსახური 20 მარტიდან 30 აპრილამდე პერიოდში საარჩევნო სუბიექტების დეკლარაციების სტატისტიკას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი ჯამში 24 პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს უფიქსირდება. ყველა პოლიტიკური სუბიექტის ჯამურმა შემოსავალმა 2 844 372 ლარი შეადგინა, ხარჯმა კი 1 903 023 ლარი.
ყველაზე მეტი შემოსავალი მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – 1 847 089 ლარი, მათ შორის 1 589 500 ლარი ფულად შემოწირულობებზე მოდის.
„ქართული ოცნების“ ხარჯმა 20 მარტიდან 30 აპრილამდე 918 ათასი ლარი შეადგინა, მათ შორის სატელევიზიო რეკლამაზე 119 ათასი ლარი მიიმართა, სხვა რეკლამაზე – 454 ათასი ლარი.
შემოსავლებითა და ხარჯებით მეორე ადგილზე „ევროპული საქართველოა“. პარტიამ 226 231 ლარის შემოსავალი მიიღო და 303 473 ლარი დახარჯა.
„პატრიოტთა ალიანსის“ შემოსავალმა 190 ათასი ლარი შეადგინა, ხარჯმა კი 177 ათასი ლარი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალი 148 ათასი ლარია, ხარჯი კი 142 ათასი ლარი.
სხვა პარტიებისა და კანდიდატების შემოსავლები და ხარჯები 100 ათას ლარზე ნაკლებია.