პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) შიდა გამოძიება დაიწყო გერმანელი ჩოგბურთელის ალექსანდრ ზვერევის საქმეზე, რომელიც ოჯახურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი.
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის ყოფილმა შეყვარებულმა ოლგა შარიპოვამ განაცხადა, რომ 2019 წელს, შანხაის „მასტერსის“ დროს ჩოგბურთელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ზვერევს ადანაშაულებენ შარიპოვასთვის ტრავმების მიყენებასა და გოგონას სუიციდამდე მიყვანაში.
„ზვერევის წინააღმდეგ ბრალდება სერიოზულია და ჩვენ ვალდებულნი ვართ ის განვიხილოთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამოძიება დაადგენს ფაქტებს და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს. ვიცით, რომ ზვერევი მიესალმება ამ გამოძიებას და ის ყველა ბრალდებას უარყოფს“, – განაცხადა ATP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მასიმო კალველიმ.
თავად ზვერევი გამოვიდა ოფიციალური განცხადებით, რომელშიც მხარი დაუჭირა ATP-ის გადაწყვეტილებას ამ საქმეზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
„მე კატეგორიულად ვუარყოფ ამ ბრალდებებს. ჩვენ მივიღეთ სასამართლოს წინასწარი აკრძალვა გამოცემასთან და ჟურნალისტთან მიმართებაში. იქ წერია, რომ ბრალდებებები სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, გამოცემა და ჟურნალისტი არღვევენ სასამართლოს დადგენილებას და აგრძელებენ ბრალდებების წამოყენებას სოციალურ ქსელებში. ჩემი იურისტები საქმის გარჩევას გააგრძელებენ“, – განაცხადა ალექსანდრ ზვერევმა.