ატლანტაში კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ატლანტაში კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ატლანტაში კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ატლანტის ქუჩებში მშვიდობიან მსვლელობას აწყობდნენ და „სიენენის“ შენობასთან შეიკრიბნენ.

ცხრა საათის შემდეგ, კომენდანტის საათის დაწყებისას, ეროვნული გვარდიის წევრებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

„სიენენის“ ცნობით, კომენდანტის საათის დაწყების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლები არ შემწყდარა ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში.

საპროტესტო გამოსვლები ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოდი 25 მაისს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ მინეაპოლისში მაღაზიასთან სავარაუდოდ 20-დოლარიანი ყალბი ჩეკის გამოყენებისთვის დააკავა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ფლოიდი მიწაზე წევს, პოლიციელ დერეკ შოვინს კი, მის კისერზე მუხლი აქვს მიბჯენილი. ჩანაწერში ისმის ფლოიდის ხმა, რომ ის ვერ სუნთქავს. მოგვიანებით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცი კისრისა და ზურგის არეში დაწოლის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცვალა. შემთხვევასთან დაკავშირებით მინეაპოლისის პოლიციის ოთხ ოფიცერს უფლებამოსილება შეუჩერდა, მათგან ერთ-ერთს, დერეკ შოვინს კი, ბრალი მკვლელობაში წაუყენეს.