აშშ-ში სიკვდილით დასჯის პრაქტიკა ფედერალურ დონეზე აღდგება
აშშ-ში სიკვდილით დასჯის პრაქტიკა ფედერალურ დონეზე აღდგება

20-წლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯის პრაქტიკა ფედერალურ დონეზე აღდგება. სასჯელის უმაღლეს ზომას სისრულეში იმ მსჯავრდებულების მიმართ მოიყვანენ, რომლებიც ადამიანების მკვლელობისა და წამებისთვის არიან გასამართლებული. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ბილ ბარიმ იმ ხუთი პატიმრის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებსაც პირველ ეტაპზე, ინექციის საშუალებით, 2019 წლის 9 დეკემბრიდან 2020 წლის 15 იანვრამდე პერიოდში სიკვდილით დასჯიან.

პირველი სიკვდილმისჯილი დენიელ ლიუს ლი იქნება, ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი, რომელმაც თეთრი რასის უპირატესობის მოტივით, 1999 წელს სამსულიანი ოჯახი ამოხოცა.

სიკვდილით დასჯიან ლეზმოდ მიტჩელსაც, რომელმაც ჯერ 63 წლის ქალი დაჭრა სასიკვდილოდ, შემდეგ კი მის შვილიშვილს აიძულა, გარდაცვლილის ცხედართან ერთად ავტომობილით ემგზავრა, ვიდრე მკვლელმა გოგონაც სიცოცხლეს არ გამოასალმა.

კიდევ ერთი პატიმარი, რომელსაც სიკვდილით დასჯიან, ლესლი ირა პარკია. ის 16 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის არის გასამართლებული.

სასჯელის უმაღლეს ზომას გამოიყენებენ ალფრედ ბურჟუას მიმართაც, რომელმაც საკუთარი ორი წლისა და ექვსი თვის ქალიშვილი მოკლა.

სიკვდილით დასჯიან დასტინ ლი ჰონკენსაც, რომელიც ხუთი ადამიანის მკვლელობაშია მხილებული.

სიკვდილმისჯილთა ცენტრის ინფორმაციით, 1988-2018 წლებში სასიკვდილო განაჩენი 78 განსასჯელის მიმართ გამოიტანეს. თუმცა, განაჩენის აღსრულება მხოლოდ სამი პატიმრის შემთხვევაში მოხდა. 12 მსჯავრდებულს კი სიკვდილმისჯილთა სტატუსი შეეცვალათ.

ყველა პატიმრის მიმართ განაჩენს სისრულეში ინდიანას შტატში, ტერე ოტის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიყვანენ.