აშშ-ში რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის ვაქცინა დაამტკიცეს — #1tvმეცნიერება
აშშ-ში რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის ვაქცინა დაამტკიცეს — #1tvმეცნიერება

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. მოვლენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ვირუსის ვაქცინა აქამდე არ არსებობდა.

აშშ-ში აფთიაქებსა და კლინიკებში ვაქცინა შემოდგომისთვის გამოჩნდება.

უმეტეს შემთხვევაში, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ჩვეულებრივი გაციებისგან არ განსხვავდება, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებში, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სხვა თანმხლები დაავადებებიც აქვთ, ეს ვირუსი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. მხოლოდ აშშ-ში, RSV ვირუსით ყოველწლიურად 65 წელს გადაცილებული 14 000 ადამიანი კვდება, ათობით ათასი კი საავადმყოფოში ხვდება.

ვირუსის რისკ-ჯგუფს ასევე წარმოადგენენ მცირეწლოვანი ბავშვები. ინფექციის გამწვავებით აშშ-ში ყოველწლიურად 100-500 ჩვილი იღუპება; ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.

ჯანმრთელობისთვის დაავადება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამიტომ, RSV ვაქცინაზე მუშაობა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ წარუმატებლად. ვაქცინა, სახელად Arexvy, კომპანია GSK-იმ შექმნა და ადამიანს RSV ვირუსით გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზის დაავადებისგან (LRTD) იცავს.

„დღეს გადამწყვეტი წერტილია ამდენწლიან ძალისხმევაში. ახლა ჩვენი ფოკუსი იმაში დარწმუნებაა, რომ აშშ-ში ხანდაზმულებს ამ ვაქცინაზე რაც შეიძლება სწრაფად მიუწვდებოდეთ ხელი და მოხდეს მარეგულირებელთა მხრიდან მიმოხილვა სხვა ქვეყნებშიც“, — ამბობს ტონო ვუდი, GSK-ის უფროსი სამეცნიერო ოფიცერი გაერთიანებულ სამეფოში.

ვაქცინის შექმნას ხელი შეუწყო იმ ცილის დეტალურმა ანალიზმა, რომელსაც რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV) უჯრედების დასაინფიცირებლად იყენებს. შესაბამისად, შეიძლებოდა მისგან ანტისხეულების შექმნა. ასეთივე მეთოდი გამოიყენეს კოვიდვაქცინების შექმნაში.

ვაქცინის დამტკიცება 25 000 მონაწილეზე ჩატარებული ცდის შემდეგ მოხდა; მათმა ნახევარმა ვაქცინა Arexvy მიიღო, მეორე ნახევარმა კი პლაცებო.

60 წელს გადაცილებულ ადამიანებში, Arexvy-მ RSV-ით გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზის დაავადებით ინფიცირების რისკი 82,6 პროცენტით შეამცირა, დაავადების გამწვავების შანსი კი 94,1 პროცენტით.

ცდის შედეგები წლის დასაწყისში გამოქვეყნდა The New England Journal of Medicine-ში.

„ხანდაზმულები, განსაკუთრებით კი ვისაც თანმხლები დაავადებები აქვთ, მაგალითად, გულის ან ფილტვის, ან შესუსტებული აქვთ იმუნური სისტემა, RSV ვირუსით გამოწვეული დაავადების გამწვავების ყველაზე მაღალი რისკის წინაშე არიან“, — ამბობს FDA-ს წარმომადგენელი პიტერ მარკსი.

მისივე განცხადებით, ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

ვინაიდან RSV ვირუსი აშშ-ის საავადმყოფოებს წელიწადში დაახლოებით მილიარდი დოლარი უჯდება, ვაქცინა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიღწევაა. მუშაობა მიმდინარებს RSV ვირუსის სხვა ვაქცინებზეც, მათ შორის – ფეხმძიმე ქალებისთვის.

GSK-ის განცხადებით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რათა ვაქცინა დამტკიცდეს 50-59 წლის ადამიანებისთვისაც.

მომზადებულია fda.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.