ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვიპროსზე არსებული სამხედრო ავიაბაზა დახურა. ამის შესახებ ABC News-ი სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის ოფისის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.
ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ოთხი წლის განმავლობაში კვიპროსზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე არსებულ სამხედრო ავიაბაზაზე ვაშინგტონმა დაახლოებით 70 მილიონი დოლარი დახარჯა.
2013 წელს გახსნილი სამხედრო ავიაბაზა ხუთ ვერტმფრენს და 40 სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა. ABC-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კუნძულოვან სახელმწიფოში ავიაბაზა შტატებმა 2017 წლის აგვისტოში დახურა. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ ABC-ს მიერ მოპოვებული მასალის შემდეგ გახდა ცნობილი.
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების გენერალური ინსპექციის ანგარიშის თანახმად, ავიაბაზა სახელმწიფო დეპარტამენტის საავიაციო საბჭოს თანხმობის გარეშე შეიქმნა. ამასთან ერთად, შტატების დიპლომატიურ უწყებაში ავიაბაზის არსებობის რეალური მიზნის ახსნა ვერ შეძლეს, რის გამოც მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.