აშშ-მა ბულგარეთის სამი მოქალაქე და მათი 64 კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა
აშშ-მა ბულგარეთის სამი მოქალაქე და მათი 64 კომპანია კორუფციაში დაადანაშაულა და „შავ სიაში“ შეიყვანა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, სანქციები დაუწესდა ბიზნესმენსა და ოლიგარქს, ვასილ კრუმოვ ბოჟკოვს, ყოფილ პარლამენტარს, დელიან სლავჩევ პეევსკის და ყოფილ მაღალჩინოსანს, ილკო დიმიტროვ ჟელიაზკოვს.
აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, ბულგარელი ბიზნესმენი ვასილ კრუმოვ ბოჟკოვი რუსეთის ხელისუფლებისთვის ბულგარეთის მთავრობაზე გავლენის არხის შექმნას ცდილობდა.
„კორუფცია არა მხოლოდ ართმევს მოქალაქეებს რესურსებს, არამედ მას შეუძლია, ძირი გამოუთხაროს ინსტიტუტებს, რომლებიც მოქალაქეების დასაცავად არის შექმნილი. მაგნიტსკის გლობალური სასანქციო პროგრამის ფარგლებში მიღებული ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვებრძოლოთ კორუფციას, სადაც არ უნდა იყოს ის“, – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორის, ანდრეა გაკის განცხადებაში.