აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად სამი ტრილიონის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად სამი ტრილიონის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად სამი ტრილიონის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინიციატივას კონგრესის ქვედა პალატაში 208 კონგრესმენმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 199 იყო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის პიტერ კინგის გარდა, ასევე 14-მა „დემოკრატმა“.

როგორც „ეიბისი ნიუსი“ იუწყება, პაკეტი მოიცავს შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების დაფინანსებას, კორონავირუსის ტესტებისთვის გათვალისწინებულ თანხას, ასევე ამერიკელებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მორიგ რაუნდსა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოწინავე ხაზზე მომუშავე პერსონალის დახმარებას.

ამერიკული მედიის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს სენატმა, სადაც უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ ფლობენ. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

დამტკიცების შემთხვევაში, ეს აშშ-ის ისტორიაში გამოყოფილი ფინანსური დახმარების უმსხვილესი პაკეტი იქნება. ის მოცულობით მარტში კონგრესის მიერ დამტკიცებულ 2,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის პაკეტს გადააჭარბებს.