აშშ-ის საელჩო უკრაინის ხელისუფლებას გიორგი ღონღაძის გატაცებასა და მკვლელობასთან დაკავშირებული პირების გასამართლებისკენ მოუწოდებს
უკრაინაში აშშ-ის საელჩო უკრაინის ხელისუფლებას ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გატაცებასა და მკვლელობასთან დაკავშირებული პირების გასამართლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
„ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გაუჩინარების 21 წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენ კვლავ ვიმეორებთ: ხელისუფლებამ უნდა გაასამართლოს მისი მკვლელები, ასევე ყველა, ვინც პასუხისმგებელია მის გატაცებასა და მკვლელობაზე“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
16 სექტემბერს უკრაინაში ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გაუჩინარებიდან 21 წელი გავიდა. 2000 წლის 2 ნოემბერს კიევის ოლქში, ტყეში ჟურნალისტის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს. გაუჩინარებამდე ღონღაძე ამბობდა, რომ მას უთვალთვალებდნენ.
ღონღაძის მკვლელობას მოჰყვა პროტესტი მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ. ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებით უკრაინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი თანამშრომელი გაასამართლეს. მათგან ერთ-ერთს შსს-ს ყოფილ გენერალს, ალექსეი პუკაჩს 2013 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, გამოძიებამ მკვლელობის დამკვეთები დღემდე ვერ დაადგინა.
2005 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ გიორგი ღონღაძეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.