აშშ-ის ქალთა საკალათბურთო ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი #1TVSPORT
აშშ-ის ქალთა საკალათბურთო ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი #1TVSPORT

ავსტრალიაში დასრულდა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში. ფინალურ მატჩში, რომელსაც სიდნეიმ უმასპინძლა, აშშ-ის ნაკრებმა 83:61 (18:13, 25:20, 25:15, 15:14) დაამარცხა ჩინეთის ნაკრები.

ამერიკა ზედიზედ მეოთხედ და ჯამში მეთერთმეტედ (სარეკორდო მაჩვენებელი) გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ჩინეთისთვის ეს იყო მეორე ვერცხლი მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ამერიკელებმა ჯგუფურ ეტაპზე 87:72 მოუგეს ბელგიას, 106:42 – პუერტო რიკოს, 77:63 – ჩინეთს, 145:69 – სამხრეთ კორეას და 121:59 – ბოსნიას.

მეოთხედფინალში აშშ-მ სერბეთს სძლია – 88:55 და ნახევარფინალში კანადას – 83:43.

ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა ამერიკელი აია უილსონი. ის WNBA-ში „ლას ვეგასს ეისში“ თამაშობს და 2022 წელს ლიგის ჩემპიონი გახდა, თან MVP-ის ჯილდოც დაიმსახურა.

სიმბოლური ხუთეული შეადგინეს: აია უილსონმა (აშშ), ბრეანა სტიუარტმა (აშშ), ჰან სუმ (ჩინეთი), ტეფ ტელბოტმა (ავსტრალია) და ბრიჯეტ კერლეტონმა (კანადა).

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა პერტორიკოელი არელია გირანტესი, რომელიც საშუალოდ მატჩში 18.2 ქულას აგროვებდა.

ბრინჯაოს მედალი მასპინძელმა ავსტრალიამ მოიგო, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში 95:65 დაამარცხა კანადა.