ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში პირველი მატჩი ჩაატარა – ლას ვეგასში 117:74 გაანადგურა პუერტო რიკოს ნაკრები.
ამერიკელთა რიგებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ ენტონი ედვარდსი და კემერონ ჯონსონი – მათ 15-15 ქულა დააგროვეს, 14 ქულა იყო მიკალ ბრიჯესის ანგარიშზე, 12 ქულა აიღო ჯარენ ჯექსონმა, 11-11 ქულა მიითვალეს ბობი პორტისმა, ჯეილენ ბრანსონმა და ბრენდონ ინგრემმა. 12 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა ტაირის ჰალიბერტონს.
აშშ პირველი ტაიმის შემდეგ მხოლო შვიდ ქულას იგებდა, მაგრამ მესამე მეოთხედში 20:0 გაქცევა მოაწყო და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ეს იყო აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე „გოლდენ სტეიტის“ დამრიგებლის, სტივ კერის დებიუტი. მან შეხვედრა ასეთი სასტარტო შემადგენლობით დაიწყო: ბრიჯესი, ინგრემი, ედვარდსი, ბრანსონი, ჯექსონი.
ამერიკის შეერთებული შტატები მორიგ შეხვედრას 12 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ მალაგაში სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.