აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯულიან ასანჟს ბრალი წაუყენა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯულიან ასანჟს ბრალი წაუყენა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს ბრალი წაუყენა. როგორც გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, ჯულიან ასანჟს აშშ-ის მთავრობის კომპიუტერში შეღწევის მიზნით, შეთქმულებაში ადანაშაულებენ. აშშ-მა ჯულიან ასანჟს ბრალი ბრიტანეთი პოლიციის მიერ მისი დაკავებიდან რამდენიმე საათში წაუყენა.

აშშ-ში ჯულიან ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ჯულიან ასანჟი დღეს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა, მას შემდეგ, რაც ეკვადორმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს თავშესაფარზე უარი უთხრა. ჯულიან ასანჟი შვიდი წლის განმავლობაში ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს.

ასევე, ცოტა ხნის წინ ჯულიან ასანჟს ბრალი ბრიტანეთის პოლიციამაც წაუყენა. 

„ბიბისის“ ცნობით, ლონდონში, სასამართლო სხდომაზე, სადაც განიხილება დაკავებულის ექსტრადირების საკითხი, იმყოფებიან აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები.

ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2012 წლიდან იმყოფებოდა, რათა თავიდან აეცილებინა შვედეთში ექსტრადირება, სადაც მის წინაღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობდა გამოძიება.

მოგვიანებით, შვედეთში გამოძიება შეწყდა, მაგრამ ასანჟი შიშობდა, რომ მისი ექსტრადირება აშშ-ში მოხდებოდა, სადაც ფედერალური გამოძიება „ვიკილიქსის“ წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტებისა გამოქვეყნებისთვის მიმდინარეობს.