აშშ-ის ღია 2019 - მამაკაცთა ტურნირს საუკეთესო ათეულის ოთხი ჩოგბურთელი გამოაკლდა
აშშ-ის ღია პირველობაზე პირველი წრე დასრულდა. მეორე დღეს მამაკაცთა ტურნირზე რამდენიმე მოულოდნელობა მოხდა, კერძოდ კი რეიტინგში პირველი ათეულის ოთხმა ბინადარმა დატოვა ჩემპიონატი.
ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ბერძენი სტეფანოს ციციპასისა და რუსი ანდრეი რუბლიოვის მატჩი იყო. სამი საათი და 55 წუთი ბრძოლის შემდეგ, რუსმა ოთხ სეტში მოიგო – 6:4, 6:7(5), 7:6(7), 7:5. გადამწყვეტი მომენტი, ალბათ, მესამე სეტში იყო, როცა რუბლიოვმა სეტბოლი მოიგერია და ცოტა ხანში თავად დაწინაურდა სეტებში – 2:1.
რუბლიოვისთვის ეს იყო მესამე მოგება პირველი ათეულის წარმომადგენელთან. წელს მან ჰამბურგში მოუგო დომინიკ ტიმს და ცინცინატიში – როჯერ ფედერერს.
ტოპ-ათეულიდან ასევე გამოეთიშნენ ბრძოლას – დომინიკ ტიმი (მეოთხე ნომერი), კარენ ხაჩანოვი (მეცხრე ნომერი) და რობერტო ბაუტისტა აგუტი (მეათე ნომერი).
ტიმმა წააგო იტალიელ ტომას ფაბიანოსთან, რომელმაც წელს, უიმბლდონის პირველ წრეში მოუგო ციციპასს.
ბაუტისტა აგუტი დამარცხდა ყაზახ მიხაილ კუკუშკინთან, რომელმაც კარიერაში მეცხრე ხუთსეტიანი მატჩი მოიგო. მეხუთე სეტში ბაუტისტა აგუტი ორჯერ იგებდა ბრეიკით, მაგრამ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა.
რაც შეეხება ხაჩანოვს, მას ორჯერ მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ვიდრე მის მეტოქეს ვასეკ პოსპიშილს, მაგრამ რეალიზაციაში მოიკოჭლებდა. გარდა ამისა, რუსმა 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა.