აშშ-ის 300-ზე მეტი ყოფილი ელჩი მოუწოდებს სენატს, დროულად დაამტკიცოს სახელმწიფო მდივნისა და გაერო-ში აშშ-ის ელჩის კანდიდატურები
აშშ-ის 300-ზე მეტი ყოფილი ელჩი მოუწოდებს სენატს, დროულად დაამტკიცოს სახელმწიფო მდივნისა და გაერო-ში აშშ-ის ელჩის კანდიდატურები

აშშ-ის 300-ზე მეტი ყოფილი ელჩი მოუწოდებს აშშ-ის სენატს, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნად წარდგენილი ენტონი ბლინკენი და გაერო-ში აშშ-ის ელჩად დასახელებული ლინდა ტომას-გრინფილდი დროულად დაამტკიცოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ეს ადამიანები არიან კრიზისების დროს გამოცდილი ექსპერტები, რომლებიც აშშ-ის ლიდერობას განაახლებენ, აღადგენენ ალიანსებსა და პარტნიორობას, ისევე, როგორც აშშ-ისადმი ნდობას მსოფლიო ასპარეზზე“, – ნათქვამია ამერიკელი დიპლომატების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მაიკლ მაკფოლი, კაროლინ კენედი და სხვები.

ამასთან ერთად, „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ზოგიერთი დეპარტამენტისა და სააგენტოს დროებითი ხელმძღვანელების დანიშვნას აპირებს. როგორც ბაიდენის გუნდის წევრები ამბობენ, ეს აუცილებელია, რადგან ძალაუფლების გადაცემის პროცესი გაჭიანურდა.

მათივე თქმით, ბაიდენმა უკვე აარჩია ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციიდან, რომელთაც არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ ზოგიერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას დაავალებს.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენი, ხოლო გაერო-ში აშშ-ის ელჩად ლინდა ტომას-გრინფილდი 2020 წლის ბოლოს წარადგინა. ისინი თანამდებობებს მას შემდეგ დაიკავებენ, რაც მათ სენატში მოუსმენენ და დაამტკიცებენ.